რა უნდა იცოდნენ უცხოელებმა საქართველოში იპოთეკის აღებისას
უძრავი ქონება დიდი შენაძენია და ბევრს არ აქვს საშუალება ეს თანხა ერთიანად დაფაროს, ამიტომ აქ უძრავი ქონების უმეტესობა იპოთეკური სესხის დახმარებით იყიდება.
იპოთეკური სესხის აღება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით მარტივია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე - მთავარია ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ და ზედმიწევნით დაიცვათ წესები. ჩამონათვალი არც ისე გრძელია - ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ.
რა არის იპოთეკური სესხი?
იპოთეკური სესხი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტია, რომელიც საშუალებას იძლევა უძრავი ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე ბანკისგან კრედიტში აიღოთ თანხა. ეს ნიშნავს, რომ თუ ვერ შეძლებთ საკრედიტო ვალდებულების დაფარვას, ბანკს აქვს უფლება გაყიდოს ქონება გადაუხდელი თანხის ამოსაგებად.
იპოთეკური სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც თავად მომხმარებელზე (მის შემოსავალზე, დასაქმების ისტორიაზე, საკრედიტო ისტორიაზე, ქონების ღირებულებასა და სესხის სავარაუდო ხანგრძლივობაზე), ისე ბანკზე.
საქართველოში იპოთეკა უცხოელებისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ზოგიერთ ბანკს აქვს გარკვეული დამატებითი მოთხოვნები.
აქვე, სანამ პროცესს დაიწყებდეთ, დარწმუნდით რომ ნამდვილად სანდო სამშენებლო კომპანია იპოვეთ - მათი მხარდაჭერა პროცესის განმავლობაში შესაძლოა საკვანძო აღმოჩნდეს იპოთეკური სესხის აღების პროცესში. მათ შორის, შესაძლოა სრულიად აგარიდოთ ბანკებთან ურთიერთობა. მაგალითად, OKTO GROUP სთავაზობს პოტენციურ მყიდველს 20% წინასწარი შენატანის შემდეგ 0%-იან შიდა განვადებას 40 თვეზე გადანაწილებით, და ეს შეთავაზება არარეზიდენტ პირებზეც ვრცელდება.
რა დოკუმენტებია საჭირო იპოთეკური სესხის ასაღებად უცხოელებისთვის?
უცხოელებისთვის იპოთეკური სესხის ასაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები.
გაითვალისწინეთ, რომ ეს საბაზისო ჩამონათვალია, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით ყველა ბანკს სჭირდება. დანარჩენი უკვე თითოეული ბანკის შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული - შესაძლებელია ზოგიერთმა დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია მოითხოვოს.
ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი - აუცილებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის.
შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელფასის ცნობა, საბანკო ამონაწერი) - ინფორმაცია თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ საკვანძო დოკუმენტია. ბანკს ის სჭირდება არა მარტო იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ თქვენ გაქვთ შემოსავალი სესხის დასაფარად, არამედ იმისთვის რომ ნახოს რამდენად სტაბილურია თქვენი საშემოსავლო ისტორია.
დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი - აჩვენებს თქვენს პროფესიულ სტაბილურობას. ბანკები იყენებენ მას თქვენი გრძელვადიანი გადახდისუნარიანობის სტაბილურობის შესაფასებლად (რაც უფრო სტაბილურია თქვენი დასაქმების ისტორია - დიდი ხანია ერთ კომპანიაში მუშაობთ, არ გაქვთ გრძელვადიანი წყვეტა, ა.შ).
საგადასახადო რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი - აჩვენებს, რომელ ქვეყანაში იხდით გადასახადებს. ბანკებს ეს ინფორმაცია საგადასახადო და იურიდიული მიზნებისთვის სჭირდებათ.
საქართველოში ბინადრობის ნებართვა (თუ გაქვთ) - არასავალდებულოა, მაგრამ დაეხმარება პროცესებს დაჩქარებაში და იზრდება სესხზე დადებითი პასუხის ალბათობა. დოკუმენტი ადასტურებს თქვენს ლეგალურ სტატუსს საქართველოში. ბანკები ხშირად უფრო ლმობიერნი არიან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების მიმართ, რადგან ეს მათ აჩვენებს თქვენს გრძელვადიან კავშირს ქვეყანასთან და ამით, ბანკის თვალში, გარკვეულწილად სესხის გაცემის რისკები მცირდება.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია - ეს დოკუმენტები ადასტურებს ქონების მფლობელობას და მის ღირებულებას. ბანკს სჭირდება ეს ინფორმაცია, რათა შეაფასოს ქონების ღირებულება და დაადგინოს, რამდენად შეესაბამება იგი სესხის თანხას.
როგორ ავიღოთ სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით?
პირველ რიგში, უნდა მიმართოთ ბანკს წინასწარი შეფასებისთვის. ბანკი განიხილავს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და დაადგენს სავარაუდო სესხის მაქსიმალურ რაოდენობას.
შემდეგ უკვე არჩევთ უძრავ ქონებას, რომელიც თქვენს ბიუჯეტში ჯდება. მართალია ბევრი უცხოელი ირჩევს პირდაპირ ზღვისპირა მშენებარე ბინებს ბათუმში, ჩვენ გირჩევთ, რომ არ იჩქაროთ და რამდენიმე ვარიანტი განიხილოთ. რაც უფრო ნაკლები იქნება თქვენი საბოლოო იპოთეკური სესხი, მით უფრო მომგებიან სიტუაციაში იქნებით ბანკთან.
როდესაც აირჩევთ უძრავ ქონებას, უნდა შეავსოთ იპოთეკური სესხის განაცხადი და წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი. ბანკი შეაფასებს უძრავ ქონებას, რათა დარწმუნდეს, რომ ღირებულება კრედიტთან თანხვედრაშია. თუ ყველაფერი წესრიგშია, ბანკი დაამტკიცებს სესხს და შემოგთავაზებთ ხელშეკრულებას. უმჯობესია, თუ მთელი ამ პროცესის დაწყებამდე დეტალურად გაეცნობით კანონმდებლობას უძრავი ქონების შეძენის შესახებ.
როდესაც ბანკისგან მიიღებთ ხელშეკრულებას, გულდასმით გაეცანით და მოაწერეთ ხელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით პირობებს. ბოლო ეტაპზე უძრავი ქონება რეგისტრირდება თქვენს სახელზე, ხოლო იპოთეკა - საჯარო რეესტრში. ეს პროცესი უზრუნველყოფს ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართოს და თქვენი უფლებები დაცული იყოს ყველა იურიდიული ასპექტის გათვალისწინებით.
იპოთეკურის სესხის პროცენტის მიმოხილვა საქართველოს ბაზარზე
იპოთეკური სესხის პროცენტი საქართველოში დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის სესხის ვალუტაზე, ვადაზე და თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ზოგადად, იპოთეკა უცხოელებისთვის შეიძლება ცოტა უფრო მაღალი პროცენტით იყოს ხელმისაწვდომი, ვიდრე ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.
2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში იპოთეკური სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 180 თვეა (15 წელი). საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში დაახლოებით 14%-ია, აშშ დოლარსა და ევროში კი 8-9%. თუმცა შესაძლოა თქვენი საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, რადგან პირობები ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით დაიანგარიშება.
გირჩევთ, პროცესის დაწყებამდე მიმართოთ პროფესიონალ იურისტის, რათა კარგად გაერკვიოთ დეტალებში და თავიდან აიცილოთ პოტენციური პრობლემები. აი შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი ოცნების აპარტამენტები ბათუმში. შენაძენის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია გულდასმით გაეცნოთ ყველა დეტალს და კარგად დაგეგმოთ თქვენი ფინანსები, რათა ოცნება უმტკივნეულოდ იქცეს რეალობად.