ბათუმში ცხოვრების გზამკვლევი

ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური ქალაქი ბევრ ვიზიტორს თანამედროვეობისა და ქართული ტრადიციების საინტერესო შერწყმით იზიდავს. 

თუ აქ დასახლების იდეამ თქვენც მიგიზიდათ და გსურთ გაიგოთ, როგორია ცხოვრება ბათუმში, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. 

რატომ უნდა აირჩიოთ ბათუმი საცხოვრებლად?

ბათუმი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი ქალაქია და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მაცხოვრებელს იზიდავს, მათ შორის დიდი ნაწილი - უცხოელი ექსპატია. ამ მოცემულობის ფონზე, აქ ცხოვრებაც უფრო მრავალფეროვანი ხდება.

პირველ რიგში, ბევრისთვის ბათუმი მიმზიდველია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით - ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ამავდროულად გარშემორტყმულია მწვანე მთებით. მაცხოვრებლებს მარტივად შეუძლიათ მიიღონ მაქსიმუმი ბუნებისგან მთელი წლის განმავლობაში, იქნება ეს ზღვის სანაპირო, თუ სამთო ტურიზმი.

ბათუმის კულტურული ცხოვრებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქალაქში ჰარმონიულად თანაარსებობს როგორც თანამედროვე კულტურული ცხოვრებისთვის აუცილებელი დაწესებულებები - კაფე-რესტორნები, კლუბები, კინო, და ა.შ. - ისე ძველი არქიტექტურა და კულტურული დაწესებულბებები - ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, თეატრი, თუ სხვა.

ქალაქი გამოირჩევა თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი. ბათუმი უპირველეს ყოვლისა რჩება ტურისტულ ქალაქად, ამიტომ ზაფხულში ცხოვრება აქ კიდევ უფრო სწრაფ ტემპში მიმდინარეობს,ული ღონ ვიდრე დედაქალაქ თბილისში - თითქმის ყოველდღე იმართება ფესტივალები, კონცერტები და სხვა ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიებები. მაგრამ ზამთარშიც კი, როდესაც ცხოვრების ტემპი შედარებით მშვიდდება, ქალაქი არ კარგავს თავის ხიბლს. 

რა ჯდება ცხოვრება ბათუმში?

ბუნებრივია ცხოვრების ღირებულება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მათთვის, ვინც წყვეტს აქ დასახლდეს. საშუალოდ, ბათუმში ცხოვრება საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ ევროპის სხვა დიდ ქალაქებთან - მათ შორის თავად საქართველოს დედაქალაქ თბილისთან - შედარებით მაინც ხელმისაწვდომად ითვლება.

საცხოვრებელი ხარჯები

ბინის ქირა ბათუმში მთლიანად დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და სეზონზე. დიაპაზონი ძალიან ფართოა: ზღვის პირას, ბულვარზე ან ახლოს ბინის ქირაობა გრძელვადიანად რთულია და სტაბილურად ცდება 1000 ლარს. ლოკაცია მომგებიანია და მფლობელების უმეტესობას ურჩევნია მოკლე ვადით, ტურისტებზე გააქირავოს. ქალაქის ცენტრში (მაგრამ ზღვისგან შორის) ერთოთახიანი ბინის ქირაობა საშუალოდ 600-დან 1000 ლარამდე ჯდება და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: როდის არის სახლი აშენებული, გარემონტებულია თუ არა ბინა, რამდენად ახლოა პოპულარულ კულტურულ დაწესებულებებთან და ა.შ. ხოლო გარეუბნებში კი ერთოთახიანი ბინა 500 ლარზე ნაკლებადაც შეიძლება იპოვოთ. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ხარჯები ბათუმში ყოველწლიურად იზრდება - დიდწილად ეს სტაბილურად მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული. თუ ბათუმში დასახლებასთან ერთად შესაძლო ფინანსური სარგებელიც გაინტერესებთ, ახლა კარგი დროა განიხილოთ საინვესტიციო აპარტამენეტების შეძენა ბათუმში

კვების ხარჯები

ბათუმში კვების ხარჯის დიაპაზონიც მსგავსად ფართოა. პერიფერიაზე მარკეტსა და ბაზარში ფასები შედარებით დაბალია, ქალაქის ცენტრში ქსელური მარკეტები (მაგ. ნიკორა და კარფური) ჭარბობს, სადაც ფასები ფიქსირებულია და ერთია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კაფე-რესტორნებში ფასები თბილისისას უტოლდება. საშუალო დონის რესტორანში კაცზე 35-50 ლარი დაგჭირდებათ (ალკოჰოლი ჩეკს მნიშვნელოვნად გაზრდის). 

რამდენად უსაფრთხოა ბათუმი?

საერთო ჯამში, ბათუმი უსაფრთხო ქალაქად ითვლება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. საშუალოდ დანაშაულის დონე დაბალია, თუმცა, როგორც ნებისმიერ ტურისტულ ქალაქში, აქაც საჭიროა ელემენტარული სიფრთხილის დაცვა - სეზონზე, დამსვენებლების მატებასთან ერთად, დანაშაულის დონეც იმატებს, უმეტესწილად წვრილმანი ხულიგნობის (აქტიური ღამის ცხოვრებისა და ალკოჰოლის გამოყენების ფონზე) და ჯიბის ქურდობების ხარჯზე. 

დაიცავით იგივე წესები, რასაც დაიცავდით ყველა სხვა დიდ ქალაქში - ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს, ჩანთა ყოველთვის საიმედოთ დაკეტეთ და სხეულის წინ გეკიდოთ, სანაპიროზე დასვენებისას არ დატოვოთ ძვირფასი ნივთები (საფულე, ტელეფონი) ზედამხედველობის გარეშე. 

როგორ გავერთოთ ბათუმში?

ბათუმში არ მოიწყენთ. აქ უამრავი გასართობი და დასასვენებელი ადგილია:

- გაისეირნეთ ხოლმე ძველი ბათუმის უბნებში: ქალაქის ეს ნაწილი გამოირჩევა თავისი უნიკალური არქიტექტურით. ყველაზე ცნობილი ლოკაცია ალბათ ევროპის მოედანია, სადაც მდებარეობს ასტრონომიული საათი და ნეპტუნის შადრევანი, სადაც ყოველთვის ირევა ხალხი. მაგრამ რეგულარული სტუმრობისთვის უფრო საინტერესოა ბათუმის პიაცა - მოედანი გარშემორტყმულია ბათუმის რამდენიმე ყველაზე ცნობილი ისტორიული შენობით, აქ სასიამოვნოა უბრალოდ რომელიმე კაფეში ჭიქა ყავაზე ჩამოჯდომაც. ამასთან პიაცაზე ხშირად იმართება ღია მარკეტები, სადაც ყოველთვის გადააწყდებით რამე ახალს და საინტერესოს. 

- გაეცანით ადგილობრივ კულტურას: ბათუმში მრავლადაა გალერეები და მუზეუმები, ფუნქციონირებს კინო და თეატრი. თვალი ადევნეთ კალენდარს - მართალია არატურისტულ სეზონზე ნაკლებად იმართება კულტურული ღონისძიებები, მაგრამ დიდი ვარიაციაა (გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) და ნამდვილად არ მოიწყენთ. 

- ესტუმრეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს: ერთ-ერთი უდიდესი ბოტანიკური ბაღი ევროპაში, სადაც წარმოდგენილია მცენარეთა უნიკალური კოლექცია მთელი მსოფლიოდან. ბაღი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, მწვანე კონცხზე.

- დააგემოვნეთ აჭარული სამზარეულო: აჭარული სამზარეულო ცნობილია თავისი უნიკალური გემოთი. უკვე მთელი მსოფლიო კარგად იცნობს ნავის ფორმის აჭარულ ხაჭაპურს. მაგრამ ჩვენ გირჩევდით პირველ რიგში ყურადღება მიაქციოთ ისეთ კერძებს, რომლებიც აჭარაშია პოპულარული, მაგრამ ნაკლებად შეხვდებით სხვა რეგიონებში, მით უმეტეს ავთენტური სახით - ასეთია, მაგალითად, სინორი და ბორანო.

- დალაშქრეთ მტირალას ეროვნული პარკი: მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაცული ტერიტორიაა. ბათუმიდან დაახ. 30 კილომეტრშია (გზას საშუალოდ ერთი საათი სჭირდება) და იდეალური ადგილია ბუნების მოყვარულთათვის, სალაშქროდ, საპიკნიკოდ, და ქემფინგისთვის.

- დაიტოვეთ დრო გასართობად სამსახურის მერე: ბათუმის ღამის ცხოვრება არასეზონზეც საკმაოდ აქტიურია. ქალაქში მრავლადაა ბარები, კლუბები და კაზინოები. როგორც ბულვარის გაყოლებაზე, ისე ქალაქის ცენტრში მრავლადაა დაწესებულება, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ როგორც ტექნო, ისე ცოცხალი მუსიკით და სასმელების დიდი არჩევანით.

ბათუმში ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქში, ბათუმში ცხოვრებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ქალაქის მდებარეობაა - ახლოსაა როგორც ზღვა, ისე მთა. ასევე, ბათუმი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით - აქ ხშირად იმართება ფესტივალები, კონცერტები და გამოფენები.

შედარებით მარტივია აქ დასახლება - ამჟამად ითვლება, რომ ბათუმში სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომი ფასებია. მაგრამ ტენდენცია სწრაფად მზარდია და მალე შესაძლოა სხვა პოპულარულ კურორტებს გაუტოლდეს, ამიტომ, თუ გეგმავთ ბინის ყიდვას ბათუმში, გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე წელიწადში ქალაქში ინვესტირება ვეღარ იქნება ისეთი მომგებინი, როგორც ახლაა.

რასაკვირველია, არსებობს გარკვეული გამოწვევებიც. ზაფხულში ქალაქი გადატვირთულია ტურისტებით, რაც პერიოდულად დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს. სეზონის პიკზე ფასები მკვეთრად იზრდება. მაღალია ხმაურის დონე დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ზამთარში კი, პირიქით, ქალაქი შედარებით წყნარია და ცხოვრებაც შედარებით ნელ ტემპში მიედინება - ვისაც კონკრეტულად აქტიური გართობის შესაძლებლობები იზიდავს, მათთვის ვარიანტები მცირდება.

რამდენად მოხერხებულია ცხოვრება ბათუმში უცხოელისთვის?

ბათუმი პოპულარულია ექსპატებს შორის, აქ ბევრი უცხოელი ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქალაქის ტურისტულობისგან გამომდინარე მაცხოვრებელთა უმრავლესობა გარკვეულ დონეზე ფლობს ინგლისურს. თუმცა, ადგილობრივი ენის თუნდაც დაწყებით ენაზე ცოდნა ბევრად გაგიადვილებთ ინტეგრაციას. თუ გეგმავთ ბათუმში დასახლებას, წინასწარ გაეცანით კანონმდებლობას უძრავი ქონების ყიდვისას.

მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ბათუმი მიმზიდველ ადგილად რჩება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. მაცხოვრებლებს თუ კითხავთ, უმეტესობა იტყვის, რომ ბათუმში ცხოვრების დადებითი მხარეები ბევრად გადაწონის უარყოფითს. უნიკალური ბუნება, სწრაფად განვითარებადი მოხერხებული ინფრასტრუქტურა, ზოგადი თბილი ატმოსფერო (და გემრიელი ადგილობრივი სამზარეულო) ბევრისთვის საკმარისი მიზეზი გახდა აქ ფესვების გასადგმელად.